მოპედების მართვის უფლების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო
შსს-ს ინფორმაციით, 6 დეკემბრიდან, 2022 წლის 28 მარტამდე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ დაირეგისტრირონ „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები და მოიპოვონ შესაბამისი მართვის უფლება.


„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში, რითაც AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას და მათ სამართავად საჭირო იქნება შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები შედის:

სატრანსპორტო საშუალების „AM“ კატეგორია, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს;
სატრანსპორტო საშუალების „A2“ ქვეკატეგორია, რაც ითვალისწინებს მოტოციკლს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს.

„ „AM“ კატეგორიის მართვის უფლების მოსაპოვებლად ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრა 16 წლიდან. მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. თეორიულ გამოცდაზე პირველად, ერთჯერადად გასვლის დროს, დაინტერესებული პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან. "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე.ასევე, აღსანიშნავია, რომ თუ პირი ფლობს ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლებას, მას უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.

გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 2022 წლის 28 მარტამდე „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების („PTI“) ცენტრების საშუალებითაც.აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 26 თებერვლამდე, "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას, მცირდება კანონით დადგენილი საფასური.

„A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებისთვის ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 18 წლიდან. „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად, დაინტერესებულმა პირმა საჭიროა, ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.თუ პირი ფლობს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას, მას უწევს მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება. „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს როგორც „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება, ასევე, „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება და ტრიციკლი, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს “,- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2022 წლის 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო გახდება.

| Print |
FaceBook Twitter Google