საკრებულოების თავმჯდომარეები ღია კენჭისყრით აირჩეს - ანი ბუჩუკური
პარტიას "საქართველოსთვის", გიორგი გახარიას გუნდს, საკანონმდებლო ინიციატივა აქვს, რომლის მიხედვითაც ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მუნიციპალიტეტების საკრებულოები მიიღებენ, ღია კენჭისყრაზე უნდა დადგეს.


პარლამენტარი ანი ბუჩუკური ამბობს, რომ ღია კენჭისყრაზე უნდა დადგეს თანამდებობის პირთა გადაყენებისა თუ უნდობლობის საკითხიც. ამ საკითხზე მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, სააშკარაოზე გამოვიდეს "ოცნების" უკანონობა, ხოლო მეორე მხრივ, გამოირიცხოს სხვადასხვა პარტიის მიერ სპეკულაციები და გაიზარდოს საკრებულოს წევრთა კეთილსინდისიერების და მათი საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია კენჭისყრით, მათ შორის, როდესაც გადაწყვეტილება ეხება პირის თანამდებობაზე არჩევას, თანამდებობიდან გადაყენებას თუ უნდობლობის გამოცხადებას", - განაცხადა ბუჩუკურმა.

ამ კანონპროექტის ინიცირებაზე საუბრის დროს მან თქვა, რომ სახელისუფლებო პარტია ცდილობს ზეწოლით შეცვალოს ის მოცემულობა, რომელიც არჩევნების შედეგად დადგა.

"სამწუხაროდ, "ოცნება" აგრძელებს არჩევნებამდე დაწყებული უკანონო მეთოდების გამოყენებას და მოსყიდვით, შანტაჟით და მუქარით მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ ცდილობს უმრავლესობის შექმნას საკრებულოებში..." - თქვა დეპუტატმა.

ის მოითხოვს კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილოს პარლამენტმა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გახარია / პარტია /