მიხეილ სააკაშვილს ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ აღენიშნება- ნინო შანიძე
აბსოლუტურად ადეკვატურად, ძალიან ხალისიანად გაგვცა პასუხი ყველა ჩვენ დასმულ კითხვაზე. დავსახეთ შემდგომი მოქმედების ტაქტიკა. რაიმე განსაკუთრებული დახმარება ჩვენი მხრიდან ამ ეტაპზე არ სჭირდება.

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი კონსილიუმის წევრმა ნინო შარაშენიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეიდან მიხეილ სააკაშვილთან მუშაობს მეთოდისტი, რომელიც შეისწავლის პაციენტის მდგომარეობას და გაწერს გეგმას, როგორ უნდა მოხდეს მისი ფიზიკურად გააქტიურება.

„ჩვენ ჩამოვედით დღეს გეგმურ მონიტორინგზე მდგომარეობის შესაფასებლად. გავეცანით პაციენტის ავადმყოფობის მთელ ისტორიას და ერთი კვირის განმავლობაში შესრულებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, თუმცა ამ კვლევების შესახებ ისედაც გვაქვს ხოლმე მთელი კვირის განმავლობაში წვდომა. პაციენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის რაიმე საშიში გართულება არ აღენიშნება. აქვს ჰემოგლობინი შემცირებული. თუმცა თავის ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე, ქრონიკული დაავადებიდან გამომდინარე ძალიან მაღალი ჰემოგლობინი ისედაც არასდროს არ აქვს. არ აღენიშნება არცერთი ვიტამინის დეფიციტი. არ აქვს აქტიური ჰემოლიზი, ეს არის ის, რაც ახასიათებს მის ქრონიკულ დაავადებას და მიუთითებს მის გამწვავებაზე, არ აქვს ეს გამწვავება. არის სუსტად, დღის მეორე ნახევარში ეს სისუსტე გაცილებით თვალშისაცემია ხოლმე, რაც სავარაუდოდ მის ემოციურ „ლაბილობას“ უკავშირდება, იღლება ვიზიტორებთან შეხვედრით, იმ ემოციით, რასაც იღებს ტელევიზორიდან. აბსოლუტურად ადეკვატურად, ძალიან ხალისიანად გაგვცა პასუხი ყველა ჩვენ დასმულ კითხვაზე. დავსახეთ შემდგომი მოქმედების ტაქტიკა, განსაკუთრებული კორექცია მის მკურნალობაში ჰემატოლოგიური თვალსაზრისით და ენდოკრინოლოგიური თვალსაზრისით არ ყოფილა. დაამთავრა მან პროგრამა, რაც რეფიდინგის დროს იყო შემუშავებული, ანუ საკვების მიღების მთელი პროგრამა. იღებს საკვებს გეგმურად, ისე როგორც საჭიროა კალორაჟის სრული დაცვით, რაიმე განსაკუთრებული დახმარება ჩვენი მხრიდან ამ ეტაპზე არ სჭირდება.

ფიზიკური დატვირთვის თვალსაზრისით, როგორც ჩვენ გაგვაცნეს, დღეიდან მასთან მუშაობს მეთოდისტი, რომელსაც დღეს ჰქონდა საინიციატივო ვიზიტი, როცა მან შეისწავლა პაციენტის მდგომარეობა და სავარაუდოდ ის გაწერს გარკვეულ გეგმას როგორ უნდა მოხდეს პაციენტის ფიზიკური გააქტიურება. ჩვენ ვურჩიეთ, რომ მეტად აქტიურად ემოძრავა, ადრე უფრო აქტიურად მოძრაობდა, ახლა გაცილებით უფრო ზარმაცობს. დღეს საღამოს არ დაგვთანხმდა ფიზიკურად უფრო მეტი აქტიურობა ყოფილიყო, მაგრამ მივიღეთ მისი დასტური, რომ შეეცდება იყოს გაცილებით მეტად ფიზიკურად აქტიური და შეასრულოს ის მარტივი დავალებები, რასაც მას ექიმი სპეციალისტი მიცემს“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google