ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებებია
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებებია.

2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ არა მხოლოდ მათემატიკა ან/და ისტორია, არამედ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანები შემდეგი ჩამონათვალიდან: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II. ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად). ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 60 ქულა (წინა წლებში იყო 70 ქულა), საგამოცდო ტესტის შესასრულებლად კი გამოყოფილი იქნება 3 საათი, რაც, როგორც ტესტის ფორმატის წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, სავსებით საკმარისია მოცემული დავალებების შესასრულებლად.

ასევე გეოგრაფიის ტესტში 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შევა მცირეოდენი ცვლილებები. რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორივე მრავალქულიანი დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად, რაც აბიტურიენტებისათვის უფრო კომფორტულს გახდის ტესტზე მუშაობას. ამის შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდება 59. აბიტურიენტებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. არჩევითი კითხვებისა და ინფორმაციის ანალიზის დავალებების ბლოკში ცვლილებები არ იგეგმება.

არ შეცვლილა გამსვლელი ქულის პროცენტული ზღვარი ყველა საგანში აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი, ხოლო უცხოურ ენასა და მათემატიკაში 20%-ზე მეტი. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, გაზრდილია თუ არა რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე გამსვლელი ქულის პროცენტული მაჩვენებელი.

აბიტურიენტები რეგისტრაციას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში (ინტერნეტით) გადიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის ვებგვერდზე (online.naec.ge). რეგისტრაცია სამ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და ჩასაბარებელი საგნები. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან. ასევე, არ აქვს უფლება შეცვლოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი). აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე შეეძლება ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა.

მესამე ეტაპზე საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტი ცვლილებას ვეღარ შეიტანს. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.

| Print |
FaceBook Twitter Google