საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებს საშუალება ექნებათ 15 დეკემბრის 10:00 საათიდან 15 იანვრის 18:00 საათამდე მიმართონ განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე.

განცხადება ივსება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .
განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე აუცილებელია ერთვოდეს:

გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება 15 იანვრის 18:00 საათამდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება.

საბანკო რეკვიზიტები:
სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი;
საიდენტიფიკაციო კოდი: 202198727;
სახელმწიფო ხაზინა, კოდი: TRESGE22; BAGAG
სახაზინო კოდი: 707627112;
დანიშნულება: ზოგადი უნარების გამოცდა.

გამოცდაში მონაწილე ვალდებულია რეგისტრაციის პროცესში მიუთითოს იმ სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები და სხვ.), რომელიც ცენტრის მხრიდან მოითხოვს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს/პირობების შექმნას. ამისათვის მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 15 იანვრის 18:00 საათამდე. თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა, ცენტრი გამოცდის მიმდინარეობისას არ გაითვალისწინებს აპლიკანტის სპეციალურ საჭიროებებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა აღნიშნული საჭიროება აპლიკანტს რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოეშვება.

| Print |
FaceBook Twitter Google