„ომიკრონის“ გავრცელების შემთხვევაში, მოსალოდნელია კოვიდინფიცირების მაჩვენებლის გაორმაგება - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელება დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობას თითქმის გააორმაგებს და ერთდროულად ბევრი ავადმყოფის გაჩენის რისკი იარსებებს.

„ომიკრონს“ გავრცელების გაცილებით მეტი სიჩქარე აქვს, ვიდრე - „დელტას“. შესაბამისად, მას შესწევს უნარი, რომ შემდეგი თვეების განმავლობაში დომინანტური ვარიანტი გახდეს. დროის მოკლე მონაკვეთში ძალიან ბევრი ადამიანი გახდება ავად. ძალიან დიდი შანსია, რომ თუ დღეს, „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში, დღეში 4-5 ათასი შემთხვევა გვაქვს, „ომიკრონის“ გავრცელების შემთხვევაში, 8 და 10 ათასი შემთხვევაც კი იყოს. ერთდროულად ბევრი ავადმყოფის გაჩენა რისკებს შექმნის, მათი მოვლა და მკურნალობა ძალიან რთულია“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 894 801 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 840 985, გარდაიცვალა 12 826 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google