საქართველოში ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში არამდგრადი ამინდები 23 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.

უწყების ინფორმაციით, მეტეოროლოგები 21 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, ქვეყანაში ტემპერატურის კლებას ელიან, რისი მიზეზიც ამავე პერიოდში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოსვლაა.

22-23 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც შესაძლოა თოვა. 24-ში თოვის ინტენსივობა იკლებს, გამოიდარებს და გამოდარებას მოჰყვება ყინვის გაძლიერება დაბლობში, ბარში, მთასა და მაღალ მთაში.24 დეკემბრისთვის შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი ჰაერის მასები მთელ ქვეყანაში გავრცელდება. ამ პერიოდში ტემპერატურა დაბლობსა და ბარშიც მკვეთრად დაიკლებს და დღის მაქსიმალური ტემპერატურა 0-5 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების ვარაუდით, მომავალი კვირის ბოლოს სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასები დააბალანსებს, რის შემდეგაც სინოპტიკოსები ტემპერატურის მომატებას ელიან.

| Print |
FaceBook Twitter Google