შესაძლოა, ვირუსით ინფიცირების რაოდენობამ ყოველდღიურად 12-15 ათასი შეადგინოს - ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის შეფასებით, თუ „ომიკრონი“ დომინანტური გახდება, შესაძლოა, ვირუსით ინფიცირების რაოდენობამ ყოველდღიურად 12-15 ათასი შეადგინოს.

„თუ დავუშვებთ ინფიცირების 2-3-ჯერ გაზრდას, შესაძლოა, საქართველოში „ომიკრონის“ შემოსვლამ და შემდეგ მისმა დომინანტურად გახდომამ ყოველდღიურად 12-15 ათასი ინფიცირებული გამოიწვიოს. ეს ერთ-ერთი სერიოზული და ალბათ, ყველაზე სახიფათოა, რაც ამ ვარიანტთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. არის თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადების განმაპირობებელი, ამის საბოლოო შეფასება არ არსებობს. ძირითადი კვლევები, რომელიც გამოქვეყნებულია სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიუთითებენ, რომ დაავადების მიმდინარეობა არ არის უფრო მძიმე, ვიდრე „დელტა“. ხასიათდება გაციების მსგავსი სიმპტომატიკით: ყელის ტკივილი, ჩაფხაჭნის შეგრძნება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, შესაძლებელია ხველა, დაბალი ტემპერატურა, ღამით ოფლიანობა. არ ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, არც კუნთების, სახსრების ძლიერი ტკივილი, არც თავის ძლიერი ტკივილი. არ ფიქსირდება ყნოსვისა და გემოს დაკარგვის შეგრძნება“,- განაცხადა ჩხაიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google