7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ
სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის
საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე ჩატარდება.
დაესწრება თუ არა სხდომა თავად მიხეილ სააკაშვილი, ეს ამ ეტაპზე
უცნობია. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007
წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია
„იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების
დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც
ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს
კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი
სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები