სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის გამოცდები ზაფხულში ჩატარდება
განათლების სამინისტრო კარიერული წინსვლის მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2022 წელს ჩასატარებელი გამოცდის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს.


“2022 წლის ზაფხულში სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება. ხაზგასასმელია, რომ პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს ან სტატუსი დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე მოიპოვეს.ხოლო მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი არ აქვთ გადალახული, სტატუსის ამაღლების მიზნით პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლისთვის საგნის გამოცდაზე 60%+1 ბარიერის დაძლევა მოუწევთ.კარიერული წინსვლისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებლები პრაქტიკული კომპონენტითაც უნდა შეფასდნენ, რაც გულისხმობს პედაგოგის პორტფოლიოს შესწავლასა და სკოლაში მასწავლებლის უშუალო საქმიანობის შეფასებას. მათ შორის, გასაუბრებას, საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებასა და სხვა.

იმ შემთხვევაში, თუ კარიერული წინსვლის მსურველმა პედაგოგმა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ პრაქტიკული კომპონენტი ვერ/არ გაიარა, მას გამოცდებზე მიღებული ქულა უნარჩუნდება და პრაქტიკული კომპონენტის დადასტურების შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში კიდევ მიეცემა.მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად გამოცდების ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას პროფესიულ უნარებში 2022 წელს პირველად ჩაატარებს. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად უკვე შემუშავებულია საგამოცდო პროგრამები, რომლებიც განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ტესტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

| Print |
FaceBook Twitter Google