სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მოთხოვნით კანონპროექტი მომზადდა
"ქართული ოცნების" დეპუტატებმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.


კანონპროექტით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია მიენიჭება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

| Print |
FaceBook Twitter Google