კორონავირუსით ინფიცირებულები „პაქსლოვიდისა“ და „მოლნუპირავირის“ მიღებას ბინაზეც შეძლებენ
ინფიცირებული პაციენტები ორი მედიკამენტის - „პაქსლოვიდისა“ და „მოლნუპირავირის“ მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაშიც შეძლებენ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი - „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“, რომელიც ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველო, რომელიც მათ მიიღებს, გამოყენებული იქნება მხოლოდ ბინაზე, დიაგნოზის დასმიდან 4 დღის განმავლობაში. ასევე განვიხილავთ მთავარი, დამრტყმელი მედიკამენტის - „რემდესივირის“ ბინაზე გამოყენებასაც, რომელსაც ახლა მხოლოდ კლინიკაში ვიყენებთ. ოღონდ ეს ძნელი იქნება ტაბლეტორებულთან შედარებით, რადგან ინტრავენური გადასხმაა. „რემდესივირის“ გამოყენებაც განიხილება სამი დღის განმავლობაში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება მედიკამენტების რაოდენობას, როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, ამ ეტაპზე საქართველოს მხოლოდ 40 ათასი ფლაკონი „რემდესივირი“ აქვს, რაც 7 ათასი პაციენტისთვისაა საკმარისი.

„ასევე, უკვე მიიღო სამინისტრომ „რემდესივირის“ დამატებითი, ძალიან სერიოზული პარტიის შემოსატანად ზომები, რომელიც ყველა ავადმყოფისთვის „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაშიც საკმარისი იქნება.„რემდესივირი“ სხვა მედიკამენტებთან შედარებით იაფია, 9 დოლარად ვყიდულობთ ერთ კოლოფს. ერთ პაციენტს კი 6 კოლოფი სჭირდება. „მერკის“ წამლის, „მოლნუპირავირის“ ფასს, რომელსაც ასევე მივიღებთ, ვერ გეტყვით“, - განაცხადა მან.

ცერცვაძის თქმით, „პაქსლოვიდს“ საქართველო 2-3 კვირის ვადაში მიიღებს, ხოლო „მოლნუპირავირის“ უახლოეს კვირებში.

| Print |
FaceBook Twitter Google