განათლების მინისტრს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი დაინიშნა.

პირველი მოადგილე სამინისტროში კურატორობას გაუწევს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიმართულებას, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს.

განათლების სამინისტროს ცნობით, ამ პოზიციის დაკავებამდე თამარ მახარაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, როგორებიცაა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი 2019 წლიდან, მანამდე კი წლების განმავლობაში ეკავა დირექტორის მოადგილის პოზიცია; იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი; საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე.

| Print |
FaceBook Twitter Google