ცხვრები დაგვეხოცა "ცელოფნების" ჭამით - რას ითხოვენ კარდენახელები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, კულანჯისხევის უბნის მცხოვრებლები სამშენებლო ნარჩენების გატანას ითხოვენ.
როგორც ისინი speqtri.ge-სთან აცხადებენ, გზის რეაბილიტაცია სხვა უბანში განხორციელდა, მათთან კი მიწა და ბეტონის ნატეხები მიიტანეს და დაყარეს, შემდეგ მიწას სკოლის რეაბილიტაციის სამშენებლო ნარჩენები დააყარეს და ახლა ტერიტორია სანაგვედ არის ქცეული.

"გვითხრეს, ოღონდ მიწა აქ დაგვაყრევინეთ და მერე მანდ რომ ორმოებია, ამ მიწით ამოვავსებთო. წავიდნენ და წავიდნენ, აღარც მოსულან, არც ორმოები ამოუვსიათ.  სკოლა რომ გააკეთეს, ახლა ის ნარჩენები მოიტანეს და დაყარეს. უცხო ხალხი რომ მიდის ვენახში, სანაგვე ჰგონიათ და აქ ყრიან ყველაფერს. დაგვეხოცა ცხვრები გადაყრილი ცელოფნის პარკების ჭამით. ან გაშალონ ეს მიწა და გაიტანონ ნაგავი, ან რაღაც მოუხერხონ. მარტო მიწა კი არა ბეტონის ნატეხებიც აქ ჩაყარეს,"-ამბობენ ადგილობრივები.

საკითხის გარკვევას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში შევეცადეთ. ადგილობრივ თვითმმართველობაში გვითხრეს, რომ მიწა თვითნებურად არ გაუშლიათ და მოსახლეობის მოთხოვნით ორი ორმო ამოავსეს, შემდეგ კი შესაბამისი ტექნიკით დატკეპნეს.

როგორც მერიაში ამბობენ, თუ ვინმემ ნაგავი დაყარა და ამას პირუტყვი შეეწირა, ადგილობრივებმა ამის შესახებ  განცხადება უნდა დაწერონ.
| Print |
FaceBook Twitter Google