შენობის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე პასუხისმგებლობა ჩვენ არ გვეკისრება - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია
გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიამ speqtri.ge-სთან კომენტარი გააკეთა. მათი შეფასებით, აღნიშნული პრობლემა, კერძოდ, უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მათი პრეროგატივა არ არის, თუმცა მზად არიან, რომ მოკვლევა დაიწყონ.


„ქ.გურჯაანში, ნონეშვილის #4-ში მდებარე შენობის ნაწილი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას, ხოლო ნაწილი სხვადასხვა პირთა კერძო საკუთრებას. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ფართის უმეტესი ნაწილი გადაცემულია სხვა პირთა სარგებლობაში, კერძოდ, ნაწილის მოსარგებლეები არიან მუნიციპალური ა(ა)იპ-ები, ხოლო ნაწილი სხვადასხვა კერძო ფიზიკური და იურიდიული პირები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შენობაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა და უზრუნველყოფა წარმოადგენს შესაბამისი ფართით მოსარგებლე პირთა ვალდებულებას. მერიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა მთლიანი შენობის მოვლა-პატრონობასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. მით უფრო, რომ ბოლო პერიოდში ელექტროგანაწილებისას შექმნილი პრობლემები არ არის დაკავშირებული შენობის შიდა გაყვანილობის ქსელთან და შესაბამისად, აღმოფხვრილია თავად ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ. მიუხედავად ამისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარეობს წარმოება, რათა „ეპ ჯორჯია მიწოდება“-სთან ერთად მიღებულ იქნას სათანადო ზომები შემდგომში მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით,“-აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი 28 დეკემბერსაც გაჩნდა. დღეს კი, ბოლო ერთ თვეში, შენობა დაწვას უკვე მეორედ გადაურჩა. მსგავსი პრობლემა ადმინისტრაციულ შენობაში უკვე წლებია რაც არის.
| Print |
FaceBook Twitter Google