მეორე სემესტრში დისტანციური სწავლება 5156 მოსწავლემ მოითხოვა
2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ონლაინ სწავლების რეჟიმში სწავლების მსურველთა რეგისტრაცია 13 იანვარს დაიწყო. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, 14 იანვრის მონაცემებით, დარეგისტრირებულია 5156 მოსწავლე.

დისტანციურ სწავლებაზე რეგისტრაციისთვის კვირაში მხოლოდ ერთი დღე, ხუთშაბათია გამოყოფილი. შესაბამისად, სასწავლო წლის მეორე სემესტრის პირველ კვირას სახლიდან 5156 მოსწავლე ჩაერთვება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვინც პირველ სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის. აღსანიშნავია, რომ ონლაინ სწავლების რეჟიმში რეგისტრაცია გააუქმა 6277-მა მოსწავლემ, თუმცა მეორე სემესტრის პირველ კვირას სახლიდან მაინც ათასობით მოსწავლე ჩაერთვება საგაკვეთილო პროცესს.

სკოლებში სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ორშაბათს, 17 იანვარს განახლდება.

| Print |
FaceBook Twitter Google