საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაზრდილი არ არის
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის მაჩვენებელი და ვაქცინაციის პროცესი განიხილეს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების მაღალი სისწრაფის გათვალისწინებით, ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში იზრდება, თუმცა ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაზრდილი არ არის. სპეციალისტების შეფასებით, ვაქცინირებულ პირებში „ომიკრონი“, ისევე, როგორც „დელტა“ შტამი მსუბუქად მიმდინარეობს და ინფიცირებული პირების ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ე.წ ბუსტერ დოზებით აცრის მნიშვნელობას ვირუსის მსუბუქად გადატანისთვის.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე გრძელდება 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება და იმ პირთა ასაკმა, რომლებიც თანხას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ მიიღებენ, 50 წლამდე დაიწია.

ამასთან, მიმდინარე კვირიდან შეიცვალა იზოლაციის და კარანტინის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 006 864 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 934 667 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 14 512 ადამიანი.

ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 2 050 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 465 პირი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

| Print |
FaceBook Twitter Google