სააკაშვილის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საქმეზე დაკავებულ ოთხ ბრალდებულს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენის გამოცხადებას ისინი საპატიმროში არ დაელოდებიან და 5000-5000 ლარის გირაოთი გათავისუფლდნენ. ამ საქმეზე დაკავებულმა გიორგი ნარიმანიძემ, ელგუჯა ცომაიამ და მამა-შვილმა შალვა და ზურაბ წოწორიებმა დანაშაული აღიარეს.

გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულებს, გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში მიხეილ სააკაშვილის დახმარებისთვის.

პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. მას საქართველოს სასამართლოებმა 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

| Print |
FaceBook Twitter Google