სკოლებში სწავლა ჩვეულ ფორმატში გაგრძელდება - თამარ გაბუნია
სწავლება გაგრძელდება იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ახლა მიმდინარეობს. ჰიბრიდულ რეჟიმში. სკოლები არიან კარგად მომზადებულნი იმისთვის, რომ ეს პროცესი მართონ. განაცხადა დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბავშვებში “ომიკრონის” მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია და მათ სტაციონარში დაყოვნება 1-დან 3 დღემდე უწევთ. რაც შეეხება ტესტირებების პროგრამას, გაბუნიას განცხადებით, ტესტირება ისევ ისე გრძელდება, როგორც ბოლო თვეებში იყო და არაფერი შეცვლილა, რადგან უსიმპტომო პაციენტების უმრავლესობას, ვისაც ვირუსზე ეჭვი აქვს, შემდგომში მაინც უფიქსირდება კორონავირუსი.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კი ამბობს, რომ ინფიცირების შემთხვევები პროცენტულად, წილობრივად არ არის გაზრდილი არც მოსწავლეებში და არც მასწავლებლებში.

„ვეთანხმები, რომ სწავლა უნდა შეჩერდეს ყველაზე ბოლოს პანდემიების პერიოდში, როდესაც ე. წ. შეზღუდვები წესდება და უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე. ეს გვაჩვენა ამ ორი წლის გამოცდილებამაც, რომ გარდა ჯანმრთელობითი დაზიანებისა, გარდა ეკონომიკური ზიანისა, უზარმაზარი ზიანი მოუტანა ამან ჩვენს ბავშვებს, განსაკუთრებით სასკოლო განათლებას. ამიტომ, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა… მათთვის ეს სლოგანი არის მთავარი, რომელსაც ჩვენ მივყვებით. სწავლა უნდა გაგრძელდეს, სანამ სიტუაცია მართვადია და გიდასტურებთ, რომ დღეს ქვეყანაში სიტუაცია მართვადია, მიუხედავად იმისა, რომ 164 ათასი აქტიური შემთხვევაა ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სკოლა / სწავლა /