იმუნიზაციის ახალი გეგმის მიხედვით, ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ახალი გეგმის მიხედვით მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში მოსახლეობის 70%–მა უნდა ჩაიტაროს. ამის შესახებ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„გეგმის ვერსია, რომელიც დღეს ჩვენ განვიხილეთ, ბუნებრივია, მიჰყვება საერთაშორისო რეკომენდაციებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია, რომ საერთო მოსახლეობის 70% ივლისის თვემდე უნდა იყოს აცრილი. აქედან გამომდინარე. ჩვენთვისაც სასურველი მიზანია მივყვეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფონიც და საჭიროებებიც, რაც „ომიკრონის“ შემდეგ იქმნება. ამან შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეული ცვლილებები, როგორც სამიზნეებთან დაკავშირებით, ასევე დეტალებთან დაკავშირებით. ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფები მომავლ წელსაც არის იგივე, ეს არის: მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, სხვა ესენციური ჯგუფები, ვისაც აქვს ზოგადად მაღალი რისკი თავისი პროფესიიდან გამომდინარე“, –ამბობს გაბუნია.

3 თებერვლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულია 1 224 149 ადამიანი. მედიკოსების განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის "ომიკრონის" შტამი ცირკულირებს. ბოლო პერიოდში იფიცირების შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით მატულობს. 24 საათში ვირუსით 23 ათასზე მეტი პირი დაინფიცირდა

| Print |
FaceBook Twitter Google