ყველიერის კვირა დაიწყო
დღეიდან ყველიერის კვირა დაიწყო. ყველიერი მოძრავი დღესასწაულია. კვირის დაწყების თარიღი ქრისტეს აღდგომას უკავშირდება და ამ დღესასწაულიდან 56 დღით ადრე იწყება.
კვირის განმავლობაში მორწმუნეებს ხორცის პროდუქტების მიღება ეკრძალებათ და მხოლოდ რძის ნაწარმისა და კვერცხის მიღება შეუძლიათ. ყველიერის კვირაში ოთხშაბათს საღამოს, ხუთშაბათს დილით და საღამოს, ასევე პარასკევ დილას “დილისა” და “ძილის წინ” ლოცვების შემდეგ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.

ყველიერის კვირა ხორციელისას მოსდევს, რომელიც გუშინ დასრულდა. ამით დიდი მარხვისთვის სამზადისი სრულდება. ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი. ეკლესია ამ დღეს სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

ამ დღეს ქრისტიანები ერთმანეთსაც სთხოვენ შენდობას. ამიტომ ამ დღეს შენდობის კვირაც ეწოდება. დიდმარხვა დაიწყება 7 მარტს და 24 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google