რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან საქართველოში გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა.

საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც - არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში - წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე); იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი;

ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR-ტესტით შემოსვლის შემთხვევაში, იხსნება მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულება, ხოლო PCR-ტესტის არქონის შემთხვევაში, არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე;

კვების ობიექტებში ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 15 ადამიანი (არსებული 10-ის ნაცვლად); დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 10 ადამიანი (არსებული 6-ის ნაცვლად); უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა;

სოციალური ღონისძიებების (წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი) გამართვა დასაშვები იქნება იმავე პირობით - დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან - 10 ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში - ერთ მაგიდასთან 15 ადამიანის განთავსება.

უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ კოვიდ-სასტუმროები, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება; უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება; უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება; უქმდება ბუფეტის მომსახურებაზე შეზღუდვა;

4 მარტიდან დასაშვებია კლუბების ფუნქციონირება - ღონისძიების საერთო ფართის 60%-იანი დატვირთვით. 15 მარტიდან დასაშვებია კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების ჩატარება შეზღუდვების გარეშე; საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველკვირეული სიხშირის ნაცვლად, ორ კვირაში ერთხელ გაიმართება;

| Print |
FaceBook Twitter Google