ევროპარლამენტი მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
ხმათა უმრავლესობით ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინული მედია „ukrinform”-ი ავრცელებს.

ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის 37-ე რეზოლუციის სტატიაში, რომელშიც საუბარია რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
დოკუმენტის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე.

„პარლამენტმა გადაწყვიტა… მოუწოდოს ევროკავშირის ინსტიტუტებს, უზრუნველყონ, უკრაინას მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, მისი დამსახურების საფუძველზე და, ამ დროისთვის, გააგრძელონ მუშაობა მისი ინტეგრაციის მიმართულებით, ევროკავშირის შიდა ბაზარზე ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც ცნობილია, დღეს ევროპარლამენტის საგანგებო სესიაზე თემატური მოსმენის დროს, რომელიც მთლიანად ეძღვნებოდა რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტ მეცოლი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმნენ უკრაინის ოფიციალურ განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე და გამოხატეს მხარდაჭერა ამ იდეის მიმართ, რადგან უკრაინამ დაამტკიცა, რომ ევროპული ოჯახის ნაწილია.

ამასთან, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს საკითხი პრაქტიკულად შეიძლება განიხილებოდეს რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს დაიწყო ომი და შეიჭრა უკრაინაში. რუსეთის არმია უკვე მეექვსე დღეა, რაც მასშტაბურად უტევს უკრაინის ქალაქებს-ანადგურებს მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებს, რაკეტები ხვდება უკრაინელების საცხოვრებელ სახლებს.

უკრაინაში გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. უკრაინის სამხედრო ძალები, მთელი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, ებრძვიან რუსულ აგრესიას.

უკრაინამ შეიტანა სარჩელი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
| Print |
FaceBook Twitter Google