პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს დაიწყო. 26
მარტის ჩათვლით სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
ბავშვები დარეგისტრირდებიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, I
ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა
მიმართონ სასურველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც, თავის
მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS)
დაარეგისტრირებს.
რაც შეეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებას,
მშობელმა სკოლაში უნდა შეავსოს შესაბამისი მიმართვის ფორმა, რის
შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდი შეაფასებს ბავშვს და მის
საგანმანათლებლო საჭიროებებს დაადგენს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში
სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის
საფუძველზე. რეგისტრირებული ბავშვების დოკუმენტები მშობლებმა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით
უნდა წარადგინონ.
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყება და 13
მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან
ბავშვები, რომელთა: და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;
მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან
ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია - 17 მაისიდან დაიწყება და 8
ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე
registration.emis.ge.
IV ეტაპი 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება.
ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე
იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ
I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
მასალის გამოყენების პირობები