პრემიერმა ახმეტაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისა და მდინარე ორვილას ხიდის ურბანული განახლების სამუშაოები, დასასრულს უახლოვდება. რეაბილიტიაცია უტარდება 8 შენობასა და 3 პარკს, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარია.

ახმეტის ცენტრში მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაათვალიერა.

პრემიერმა ახმეტაში შინმოუსვლელთა სკვერისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი მოინახულა, რომელთა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 551 000 ლარია.

მინისტრმა მთავრობის მეთაურს იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ახმეტაში პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარეობს, მათ შორისაა - თიანეთი-ახმეტას 30 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 12 მლნ ლარზე მეტია. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, თიანეთიდან ახმეტამდე მგზავრობას 1:20 საათის ნაცვლად 30 წუთი დასჭირდება. ამასთან ერთად, მიმდინარეობს ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის საავტომობილო გზის 11.7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სარეაბილიტაციო გზა ერთმანეთთან ახმეტა-თელავი-ბაკურციხისა და თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზებს აკავშირებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა.

პრემიერთან ერთად ადგილზე ახმეტის მერი ალექსი ფიცხელაური, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google