დავით სონღულაშვილი: ველისციხის ურბანული განახლება მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოები საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

სოფლის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნისა და ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, აგრეთვე მიმდებარე პარკის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები და მოეწყობა წყლის გამწმენდი ნაგებობა.

რეაბილიტაციის პროექტი აგრეთვე მოიცავს ველისციხის თეატრის ფასადისა და პირველი სართულის რეკონსტრუქციას, რომელიც 130 წლის ისტორიას ითვლის და სადაც წარმოდგენები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იმართებოდა.

„ველისციხე უძველესი და დიდი ტრადიციების მქონე სოფელია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ურბანული განახლების პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელი ძველ ფუნქციას დაიბრუნებს და კახეთის რეგიონში მნიშვნელოვანი კულტურული, ეკონომიკური და ტურისტული ცენტრი გახდება,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

სოფელ ველისციხის ურბანული განახლების სამუშაოები მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დაიწყო და 2023 წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის 30 მლნ ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google