პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები იცვლება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა.

უწყების ცნობით I ეტაპზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადად 24 აპრილის ნაცვლად 5 ივლისი განისაზღვრა.

რეგისტრაციის II ეტაპი განხორციელდება 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.
ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:
რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://registration.emis.ge/

IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტები:
• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

• მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.


დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google