პუტინმა შოიგუს „აზოვსტალზე“ მოსალოდნელი შტურმის გაუქმება უბრძანა
რუსეთმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამრეწველო ზონა „აზოვსტალზე“ შტურმი გააუქმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა „მიზანშეუწონელი“ უწოდა რუსული სამხედრო ძალების მიერ „აზოვსტალზე“ მოსალოდნელ შტურმს და თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუს შტურმის გაუქმება უბრძანა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

"ეს არის შემთხვევა, როცა უნდა ვიფიქროთ - ანუ, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მით უმეტეს - ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. არ არის საჭირო კატაკომბებში ჩაძრომა და ამ სამრეწველო ობიექტებზე მიწისქვეშ ხოხვა. დაბლოკეთ ეს სამრეწველო ზონა ისე, რომ ბუზმაც ვერ გაიფრინოს", - ეუბნება პუტინი შოიგუს და ავალებს, რომ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე მყოფებს კიდევ ერთხელ შესთავაზონ იარაღის დაყრა და დანებება.

პუტინის მტკიცებით, უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც „აზოვსტალს" დატოვებენ, სიცოცხლის შენარჩუნებისა და ღირსეული მოპყრობის გარანტია ექნებათ.
| Print |
FaceBook Twitter Google