კომპანია ”ბორჯომი“ წარმოებას აჩერებს
მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია "IDშ ბორჯომი" წარმოებას დროებით აჩერებს.
"გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია "IDშ ბორჯომი" საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.
კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა"- ნათქვამია IDშ ბორჯომის განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, მათ საქართველოში 1 000-მდე ადამიანი ყავდათ დასაქმებული.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან "IDშ ბორჯომის" საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი "ალფა ჯგუფი" ფლობს.
დღეს კი თავად "ალფა ჯგუფის" დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბორჯომი /