კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მთავრობა სესხს იღებს
მთავრობამ პარლამენტს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმება“ წარუდგინა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შეთანხმება ორშაბათს, 2 მაისს განიხილა და მხარიც დაუჭირა.

საუბარია კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტზე, რომელიც საგარეჯო-ბადიაურის საავტომობილო გზის მონაკვეთის (დაახლოებით 17 კმ) მშენებლობას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის, დაწყებულია სამშენებლო სამუშოები საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-5) თბილისი–ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი საგარეჯოს დაახლოებით 35 კმ-იანი, ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთზე, რომელიც დაყოფილია სამ ლოტად: ვაზიანის შემოსავლელი გზა (3.7 კმ, ლოტი 0), ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი (23.8 კმ, ლოტი 1) და საგარეჯოს შემოსავლელი გზა (7.7 კმ, ლოტი 2).

განმარტებითი ბარათის მიხედვით, საგარეჯო – ბადიაურის დაახლოებით 17 კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი 3) დეტალური პროექტის მომზადება დასრულებულია და სამშენებლო სამუშოების დაწყება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს.

ამავე ბარათის თანახმად, საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა : მოიცავს 30 თვეს, რასაც დაემატება დეფექტების შეტყობინების 24 თვიანი პერიოდი. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები შესაძლოა 2022 წელს დაიწყოს.


სასესხო შეთანხმების პროექტის საბოლოო ტექსტის შემუშავების მიზნით IBRD-თან მოლაპარაკებები 2022 წლის წლის 21-22 თებერვალს გაიმართა. პროექტის განსახორციელებლად IBRD 97,700,000 ევროს სესხს გამოყოფს. სესხის ხანგრძლივობა 27.5 წელია, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 12.5 წელი.






| Print |
FaceBook Twitter Google