მოსწავლეებს ექსკურსიაზე ღამისთევით წასვლა ეკრძალებათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავა.
რეკომენდაციების შესაბამისად, ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც იგი გამოითხოვს და სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე წარუდგენს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლს, ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ.

გადაწყვეტილებას ექსკურსიის განხორციელების ან განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სკოლის დირექტორი იღებს.

შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ექსკურსია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ დღეში, ღამისთევის გარეშე, ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს 150 კმ-ს. მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.

აგრეთვე, ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე.

ამასთან ერთად,  ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ექსკურსიაზე ტრასპორტირება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გავლილი აქვს ტექდათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი.
სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა.

ახალი კორონავირუსით (Covid 19) გამოწვეული პანდემიის პირობებში ნებისმიერი აქტივობის ჩატარებისას დაცული უნდა იქნას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი ყველა რეგულაცია. გარდა კოვიდრეგულაციების დაცვის აუცილებლობისა, უნდა შეიზღუდოს სხვა ნებისმიერი რესპირატორული დაავადების ნიშნების მქონე პირთა მონაწილეობა სასკოლო ექსკურსიებში.
| Print |
FaceBook Twitter Google