შესაძლოა უნგრეთმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტს ვეტო დაადოს
უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობები ევროკავშირს გამონაკლისის დაშვებასა და მათთვის შედარებით ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდის დაწესებას სთხოვენ, რადგან „რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა მნიშვნელოვნად დააზარალებს უნგრეთს და მის ეკონომიკაზე ატომური ბომბის მსგავსი გავლენა ექნება“.


ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით Reuters-ი ავრცელებს.

უნგრეთის მთავრობის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ უნგრეთმა ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს ვეტო დაადოს.

„რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა ჩვენთვის მიუღებელია; ამას უნგრეთის ეკონომიკაზე ატომური ბომბის დაცემის მსგავსი გავლენა ექნება. ნავთობზე ემბარგოს დაწესება ქვეყანაში საწვავის მკვეთრად გაძვირებას გამოიწვევს, ჩვენი მთავრობა კი იბრძვის, რათა ეს თავიდან ავიცილთ და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დაცვა“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მყისიერად ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული სისტემა თითქმის სრულადაა დამოკიდებული რუსეთზე, შესაბამისად, რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შესამცირებლად უნგრეთს გაცილებით მეტი დრო და რესურსები სჭირდება, ვიდრე სხვა ქვეყნებს.

| Print |
FaceBook Twitter Google