გურჯაანის გუნდი ცურვაში რეგიონის ღია პირველობის ესტაფეტის გამარჯვებულია
გუშინ, 19 ივნისს, გურჯაანის სპორტულ კომპლექსში, კახეთის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, ცურვაში რეგიონის ღია პირველობა ჩატარდა. შეჯიბრი ცურვის ოთხ დისციპლინაში, ბრასში, კროლში, თავისუფალ სტილსა და ბატერფლაიში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა 200-მდე მოცურავემ მიიღო.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გურჯაანის სპორტული გაერთიანება ავრცელებს.

სპორტული გაერთიანების დირექტორის, გელა დალაქიშვილის შეფასებით, 6 თვიანი იძულებითი პაუზის მიუხედავად, გურჯაანელმა მოცურავეებმა ღირსეული კონკურენცია გაუწიეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენებს.

გურჯაანელმა მარიამ გეთიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი მარიამ გოგიაშვილი, ქეთი მამუკაშვილი და ნინო მამუკაშვილი გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ მარიამ გოგიაშვილმა და მარიამ გეთიაშვილმა გაცურვაში პირველი ადგილები მოიპოვეს.

ასპარეზობაში უკრაინელი ლტოლვილებიც მონაწილეობდნენ. უკრაინელმა იულიანა ბიკოვამ ერთი პირველი და ერთიც მესამე ადგილი დაიმსახურა.

ესტაფეტის გამარჯვებული გურჯაანის გუნდი გახდა.
| Print |
FaceBook Twitter Google