უკრაინასა და მოლდოვასაც სთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას- ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი „ავანსად“ მიანიჭეს, ხოლო საქართველოსთვის ევროკავშირის კარი მაინც ღიაა ისევე, როგორც ამ ორი ქვეყნისთვის.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს, 20 ივნისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ისაუბრა.

"17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - პირველად გახდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება. ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, იმ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი, რომელიც საქართველომ წლის ბოლომდე უნდა გაითვალისწინოს და შეასრულოს, ისედაც იყო დღის წესრიგის ნაწილი.

"ახლა, როგორც კი საბჭო რეკომენდაციებს დაამტკიცებს, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან. მინდა განვმარტო მოსახლეობისთვის, რომ ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული.

არის საკითხები, რომელსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრმა, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საკუთარი ინტერპრეტაციაც გააჟღერა.
"მოლდოვას და უკრაინას აქვთ აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით - მათაც ჩაუწერეს, ევროკომისია საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ მათ მიენიჭოთ პერსპექტივა და ასევე სტატუსი. რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვას, რომელიც ასევე არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამავდროულად, მათაც სთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას.

ჩვენ შემთხვევაში პირიქითაა – ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც დადებულია, რეფორმები, პრიორიტეტები განვახორციელოთ და, რა თქმა უნდა, საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი.

კარგად გვესმის - უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში, ტერიტორიების 20% უკვე დაკარგული აქვს, ომი გრძელდება. ასევე მოლოდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში - თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით, ერთ-ერთია მოლდოვა, ძალიან დიდი ნაკადი იყო დევნილების.

ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის, მინდა მივულოცო უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ეს გამარჯვება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და მოლდოვას სტატუსი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
| Print |
FaceBook Twitter Google