აქციას "შინ ევროპისკენ" რამდენიმე ათასი ადამიანი ამ წუთებშიც ესწრება
დღეს, 20 ივნისს, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით პარლამენტის წინ აქცია - "შინ ევროპისკენ" 20:00 საათიდან დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ აქცია ე.წ. "გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე იმართება.

აქციის მთავარი მიზანი საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერაა. ამ დროისთვის ხალხმრავლობის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი- აქციაზე ამ წუთებში რამდენიმე ათასი ადამიანია თავმოყრილი.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

მისი განცხადებით, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მისი შეფასებით, მომდევნო 6 თვე, რა დროსაც საქართველოს კანდიდატობისთვის მიცემული პირობების შესრულება მოუწევს, რთული იქნება.

"ძვირფასებო, ჩვენ გველოდება ძალიან რთული ექვსი თვე. ჩვენ გველოდება 6 თვე, როდესაც ან ჩვენ დავაკაკუნებთ ევროკავშირის კარებზე ან გადავეშვებით რუსულ ჭაობში.

ჩვენ გველოდება 6 თვე, როდესაც ჩვენ უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, ჩავატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ავირჩიოთ კოალიციური მთავრობა და მივუბრუნდეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ვუთხრათ მათ, რომ საქართველო არის ღირსი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, რომ საქართველომ შეასრულა მათი მთავარი გზავნილი - "საქართველო ოლიგარქის გარეშე".

ეს ხალხის სიმრავლე მიუთითებს ერთ რამეს, ხელისუფლებას აღარ ესმის ხალხის ხმა. როდესაც ხელისუფლებას აღარ ესმის ხალხის ხმა, როდესაც ხელისუფლება დგას კონსტიტუციაზე მაღლა, ის კარგავს ლეგიტიმაციას და ლეგიტიმაცია გადადის საპროტესტო აქციებში, ლეგიტიმაცია გადადის ხალხში. ლეგიტიმაცია არის დღეს აქ", - ამბობს გიორგი  ქადაგიძე.



| Print |
FaceBook Twitter Google