აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ
დღეიდან, 21 ივნისიდან, აბიტურიენტებისთვის, საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შესაძლებელია.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საგამოცდო ბარათში აღნიშნულია გამოსაცდელის საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს ახსენებს, რომ გამოცდაზე დასაშვებად მათ საგამოცდო ბარათთან ერთად უნდა წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია შემდეგია:

„გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4)“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის გამოცდები 4 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებით იწყება.

საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის უკვე შერჩეულია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც წელს დარეგისტრირებულ 90 000 გამოსაცდელს მოემსახურება.
| Print |
FaceBook Twitter Google