ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის -ბექა დავითულიანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, შესაბამისად, ის არ ჩაჯდება იმ ჩარჩოებში, რომელიც საქართველოში დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით შეიქმნება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

დავითულიანის თმით, კანონში კონკრეტული პირის სახელი და გვარი არ იწერება, ამასთან ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს.

"დეოლიგარქიზაცია არის ძალიან ზოგადი ტერმინი. თუმცა, მაგალითად, უკრაინას აქვს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაახლოებით, 100 მილიონ დოლარზე მეტს ფლობს, აფინანსებს პოლიტიკურ ჯგუფებს ან რაიმე გზით ზეგავლენას ახდენს ამ პოლიტიკურ ჯგუფებზე ძირითადად ფინანსური წყაროებით, აქვს მედია ან მონოპოლია ბაზრის რომელიმე სეგმენტზე - ამ 4 კრიტერიუმით განისაზღვრება ვის ჰქვია ოლიგარქი და მას გარკვეული შეზღუდვები უწესდება.

ამ კანონზე გვიწერია მოთხოვნებში, ვიმუშავებთ და ვის შეეხება და ვის არა, ვნახავთ. კანონში ერთი ადამიანის სახელი და გვარი არ იწერება, ეს ერთი, მეორე - ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი არ არსებობს, მესამე - კანონი იქნება ზოგადი, შექმნის ჩარჩოებსა და კრიტერიუმებს და ვინც ჩაჯდება ამ ჩარჩოებში, მას შეეხება. სახელს და გვარს კანონთან შეხება არ აქვს, ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და ამიტომ ჩემი აზრით, არ ჩაჯდება, მას არც ბაზრის რომელიმე სეგმენტზე უჭირავს დომინანტური წილი, არც ვინმეს აფინანსებს და ა.შ,"- ამბობს ბექა დავითულიანი.
| Print |
FaceBook Twitter Google