ირაკლი კობახიძე-„დეოლიგარქიზაციისკენ ნაბიჯი სააკაშვილის დაჭერით უკვე გადაიდგა“
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში დეოლიგარქიზაციის კანონი რომ არსებობდეს, ოლიგარქებად აღიარებული იქნებოდნენ პარტია "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი.

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადებების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ "ნაციონალები" და "ლელო" - ორი მთავარი, რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ამ თემაზე არის მიღებული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ საქართველოში იყოს მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან "ლელოში" ხაზარაძე - ჯაფარიძე და "ნაცმოძრაობაში" - სააკაშვილი - კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის, ჩემო მეგობრებო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიისაღებად ერთ-ერთ პირობად ევროკომისიამ, საქართველოს დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა წაუყენა.

კობახიძის თქმით, ოლიგარქების დასრულება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა და დეოლიგარქიზაციისკენ ნაბიჯი სააკაშვილის დაჭერით უკვე გადაიდგა.


| Print |
FaceBook Twitter Google