პირდაპირ შეიძლება ითქვას, ხდება ქვეყნის დასჯა - კახა კალაძე ევროკომისიის რეკომენდაციაზე
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის არმიცემას „ქვეყნის დასჯად“ აფასებს. ამის შესახებ, თბილისის მერმა დღეს, 22 ივნისს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"როდესაც ვსაუბრობ ევოპულ განვითარებაზე და როდესაც ვამბობ, გულდასაწყვეტია, რომ ეს სტატუსი არ მოგვცეს, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი ახსნა. საქართველომ მართლა ყველაფერი გააკეთა, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა გატარებული რეფორმებით. არაფერზე არ დაგვიხევია უკან - გვქონდა ომები, გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი სამხედროები ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილი იყო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ყველაზე მეტად, თავგანწირვით იბრძოდნენ, უამრავი დაღუპული ჯარისკაცი, უამრავი ხელდაკარგული, ფეხდაკარგული ჩვენი ჯარისკაცი, ეს ჩვენთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს.

თითოეულმა ქართველმა ვიცით, თუ რამხელა ხარჯი გაიღო საქართველომ ამ ყველაფრისთვის.
გულდასაწყვეტია, რომ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და პირდაპირ შეიძლება ითქვას - ქვეყნის დასჯა, რადგან არ მოგვცეს სტატუსი. მაგრამ არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი, გავაგრძელოთ მუშაობა და დარწმუნებული ვარ, მოგვცემენ ამ სტატუსს", - განაცხადა კახა კალაძემ.



შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ 17 ივნისს გახდა ცნობილი. კერძოდ, ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

შესაბამისად, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად საქართველოს მოუწევს, რომ შეასრულოს გარკვეული პირობები, მათ შორისაა, ქვეყნის დეოლიგარქიზაცია.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საბოლოო გადაწვეტილება 23-24 ივნისს გახდება ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google