ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდის სამიტზე მიიწვიეს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდის სამიტზე მიიწვია.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგის მოსაწვევ წერილში აღნიშნულია, რომ სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში ძირითადი აქცენტი გლობალურ გამოწვევებზე უნდა გაკეთდეს.

„მოგმართავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მოწვევით, რომელიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება.

კონკრეტულად, მინდა გთხოვოთ, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა დონეზე გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ შეხვედრას დაესწროთ 29 ივნისის ნაშუადღევს. ხსენებულ შეხვედრაზე ასევე მოვიწვიე ავსტრალიის თანამეგობრობის პრემიერ-მინისტრი, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი.

უდავოდ, გადამწყვეტ დროს ვიკრიბებით. უკრაინის ტერიტორიაზე შეღწევით რუსეთმა ევროპაში მშვიდობა დაარღვია. გლობალური უსაფრთხოება ახლა ხელახლა განისაზღვრება, თან ამ უსამართლო და არაპროვოცირებული ომის შედეგი ევროატლანტიკური სივრცის მიღმაც შეიგრძნობა. რუსეთი და სხვა ავტორიტარული ძალები გამოწვევებს უქმნიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მყისიერი პასუხი რუსეთის ბრუტალური აგრესიის მიმართ შთამბეჭდავია, ამასთან ეს ერთობასა და სოლიდარობაზე მეტყველებს.

ჩვენ დისკუსიებში აქცენტი უნდა გავაკეთოთ გლობალურ გამოწვევებზე და მათ შორის განსაკუთრებით გავამახვილოთ ყურადღება ჩინეთის მზარდ ძალაუფლებაზე და გავლენის არეალზე, ასევე ჩვენი ინტერესებისა და უსაფრთხოების სფეროში მის შედეგებზე.

მადრიდის სამიტზე მოკავშირეებს შორის შეთანხმდება ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის საკვანძო პრინციპებისა და ამოცანების განსაზღვრას მოახდენს უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი სამყაროსადმი ალიანსის შესამზადებლად. ხსენებული კონცეფციით მოხდება ახალი პოლიტიკის შემუშავება რუსეთის მიმართ, განისაზღვრება საერთო საფუძველი ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებთან დაკავშირებით და განმტკიცდება ჩვენი მიზანსწრაფულობა ყველა საფრთხესთან მიმართებით, ყველა მოკავშირის დასაცავად. მოუთმენლად ველი თქვენს ხილვას მადრიდში!“, - ვკითხულობთ იენს სტოლტენბერგის მოსაწვევ წერილში.
| Print |
FaceBook Twitter Google