საია საქათველოს ეროვნულ მუზეუმში მკვლევართა დაშვების წესს ასაჩივრებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მკვლევართა დაშვების წესს ასაჩივრებს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საია-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საიამ, ეკატერინე კიკნაძის სახელით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

ორგანიზაციის მიერ გასაჩივრებული ნორმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის მკვლევართა დაშვების წესს ეხება. კერძოდ, ეროვნული მუზეუმის ფონდებში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის დაინტერესებულ პირთა დაშვება, ამ დროისთვის, მუზეუმის დირექტორატის გადაწყვეტილებით ხდება. გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს სამინისტროს.

საიას შეფასებით, სადავო ნორმა ეროვნული მუზეუმის დირექტორატს მკვლევართა მუზეუმში დაშვების გადაწყვეტის უფლებამოსილებას ანიჭებს, თუმცა უცნობია, რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახელმძღვანელო კრიტერიუმები არც სხვა საკანონმდებლო აქტებით განისაზღვრება. შესაბამისად, საიას შეფასებით, ამ ეტაპზე დირექტორატის უფლებამოსილება შეუზღუდავია, რაც შესაძლოა მკვლევარების საწინააღმდეგოდ ბოროტად იქნას გამოყენებული.

საია მოითხოვს, რომ გასაჩივრებული ნორმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, რომლითაც დაცულია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება.

| Print |
FaceBook Twitter Google