გიორგი მარგველაშვილი და მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირს წერილით მიმართავენ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და მიხეილ სააკაშვილი წერილით ევროკავშირს მიმართავენ, რათა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

„წერილის შინაარსი შემდეგია: ვეთანხმებით მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, მათი შესრულების მიზანშეწონილობას, მაგრამ ვითარების სირთულიდან და რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, გთხოვთ, არ დაშალოთ ტრიო - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, არამედ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი და მოთხოვნები დატოვოთ შემდეგ შესასრულებლად“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მარგველაშვილმა წერილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს გადასცა.
წერილს ხელს აწერენ პარლამენტის ყოფილი თავმჯომარეები - დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე, ნინო ბურჯანაძე და აკაკი ასათიანი.

მიმართვას არ უერთდება არც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არც მმართველი პარტიის რომელიმე წევრი.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს გამოაცხადებს.

ევროკომისიამ, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

სტატუსის მისაღებად საქართველოს გარკვეული პირობების შესრულება მოუწევს, მათ შორისაა, ქვეყნის დეოლიაგარქიზაცია.
| Print |
FaceBook Twitter Google