ჩვენ არ ვართ მახინჯი გოგო - ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილის წერილზე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ევროკავშირისთვის გადაცემული წერილის შეფასებისას აცხადებს, რომ მსგავსი ქმედება იმ ადამიანის ქცევას ჰგავს, რომელსაც შვილის გათხოვება სურს და ამბობს: „ ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო“. კობახიძის თქმით, ზუსტად ესაა მიზეზი იმისა, რომ მმართველი პარტიის არცერთმა წევრმა წერილს ხელი არ მოაწერა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ამის შესახებ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ამ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა არის საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რაც მათ ფარსზე, სიყალბესა და იმაზე მეტყველებს, რომ ნებისმიერი მათი ასეთი ნაბიჯი, გავიმეორებ [ჰგავს იმას], როცა გინდა შენი შვილი გაათხოვო, არავის არ ეუბნები, რომ ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო. ეს წერია მარგველაშვილის წერილში, ზუსტად, რომ ჩვენი მახინჯი გოგო იქნება მოიყვანო ცოლადო. და არ ვართ ჩვენ მახინჯი გოგო და შესაბამისად, ამას ხელს ვერ მოვაწერთ. ვართ ბევრად უფრო ლამაზები, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. სერიოზულად, ყველა კრიტერიუმი რომ ავიღოთ, თუნდაც უსაფრთხოება, გამოწვევების მიმართ პოლიტიკა, რაც ჩვენ გვაქვს, ყველა პარამეტრით, ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ მოწინავე", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს წერილი დღეს, 22 ივნისს გადასცა.

წერილს ხელს აწერენ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯომარეები - დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე, ნინო ბურჯანაძე და აკაკი ასათიანი. მიმართვას არ შეუერთდა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
| Print |
FaceBook Twitter Google