ირაკლი კობახიძე ქართველ ოლიგარქებს ასახელებს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, რადგან იგი არ ერთვება პოლიტიკასა და მედიის საქმიანობაში.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოში ოლიგარქები ნამდვილად არიან, თუმცა ოპოზიციაში.

„[ოლიგარქები] არიან კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე, ჯაფარიძე. ეს არის ოთხი გვარი, რომელიც პირველი გვახსენდება. ისინი პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკაში, მათ აქვთ გავლენა მედიაზე და მათ აქვთ იმ განსაზღვრულ თანხაზე მეტი, ვიდრე, მაგალითად, უკრაინულ კანონშია მითითებული,“ - აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო უცვლელად გადმოიტანს უკრაინულ კანონს, ზუსტად ზემოაღნიშნული ადამიანები მოხვდებიან ოლიგარქთა სიაში.

„ჩვენ რომ დავაკოპიროთ უკრაინული კანონი, ეს ადამიანები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება, რადგან ის არ არის ჩართული პოლიტიკასა და მედიის ცხოვრებაში. ეს არის რეალობა,“- ამბობს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური თანამდებობა ოფიციალურად 2013 წელს დატოვა, თუმცა 2018 წელს იგი პოლიტიკაში დაბრუნდა 2021 წლამდე. ამ დროისთვის, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში აღიქმება, როგორც ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოთამაშე.
| Print |
FaceBook Twitter Google