რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანას გაყიდიდით - ღარიბაშვილი ნაციონალურ მოძრაობას
გუშინ, 22 ივნისს, პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოში „ერთი ლარიც არ უშოვია“.

„ლარი არ უშოვია საქართველოში. კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში, თავისი შრომით, თავისი ნიჭით. ჩამოვიდა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, მათი [ნაციონალური მოძრაობის] მმართველობის დროს - პოლიციის რეფორმა, ჯარის რეფორმა, მათი ხელფასები, საჯარო მოხელეების ხელფასები, მუზეუმების, თეატრების რეაბილიტაცია - ყველაფერი უკავშირდება ამ ადამიანის [ბიძინა ივანიშვილის] სახელს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ აიტანა დამარცხება.

„რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, აქ გააკეთებდით მეორე მარიუპოლს, გაწირავდით ქვეყანასა და ხალხს. დაანგრევინებდით და გაყიდდით საქართველოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ 17 ივნისს გახდა ცნობილი. კერძოდ, ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

შესაბამისად, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად საქართველოს მოუწევს, რომ შეასრულოს გარკვეული პირობები, მათ შორისაა, ქვეყნის დეოლიგარქიზაცია.
| Print |
FaceBook Twitter Google