კახეთში ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით შეხვედრა გაიმართა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა, კახეთის რეგიონში, ტყის და მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით,  შეხვედრა გამართა. შეხვედრებს კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

თემურ მღებრიშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტყის და მინდვრის ხანძრის გაჩენის ძირითად მიზეზებზე ისაუბრა და ხანძრების თავიდან არიდების პროცესში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრისას განხილულ იქნა მოსახლეობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა კახეთის მთავარი სამმართველოს მეხანძრე მაშველებს მადლობის სიგელები და უწყებრივი მედალი გადასცათ.

გარდა ამისა, თეიმურაზ მღებრიშვილმა ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ტყის ხანძრებისთვის სპეციალიზებული სახანძრო-სამაშველო ავტომობილი გადასცა, რაც რეგიონის მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ავტომობილი სამსახურმა იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში მიიღო.

სახანძრო ავტოცისტერნა გადაეცა კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ყვარლის განყოფილებასაც.


| Print |
FaceBook Twitter Google