ევროპარლამენტმა რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს
ევროპარლამენტი მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხოლო საქართველოს შესახებ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აუცილებელი რეფორმების გატარების შემდეგ ისიც მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის ქვეყნების სამიტზე ბრიუსელში მიიღებენ. სამიტი დღეს, 23 ივნისს დაიწყება.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ არანაირი „სწრაფი გზა“ ევროკავშირში წევრობისთვის არ უნდა იყოს.

„[ევროკავშირის] წევრი სახელმწიფოს სტატუსი ქვეყანას უნდა მიენიჭოს მხოლოდ დამსახურების საფუძველზე, მას შემდეგ, რაც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

ევროკავშირის გაფართოება მის პირად ინტერესებში შედის“,- ვკითხულობთ რეზოლუციაში.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას მხარი 529 ევროდეპუტატმა დაუჭირა, 45 წინააღმდეგია, ხოლო 14-მა თავი შეიკავა.

„პარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ხელისუფლებებს, ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება საკუთარი ხალხის ევროპული მიზნების განსახორციელებლად, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და კეთილდღეობის მქონე ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან,“- აცხადებენ ევროპარლამენტარები.
| Print |
FaceBook Twitter Google