საქართველო კვლავ გახდეს ლიდერი ევროინტეგრაციის გზაზე - მორიგი აქცია თბილისში
დღეს, 24 ივნისს, 20:00 საათზე აქცია გაიმართება. ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა, შოთა დიღმელაშვილმა ისაუბრა, მას შემდეგ, რაც აქციის - „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა ევროსაბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართეს.

„24 ივნისს, 20:00 საათზე ყველანი შევიკრიბებით პარლამენტის წინ, რათა გამოვაცხადოთ მოთხოვნები ხელისუფლების წინააღმდეგ და უზრუნველვყოთ ის, რომ საქართველო კვლავ გახდეს ლიდერი ევროინტეგრაციის გზაზე, დაეწიოს მოლდოვასა და უკრაინას“, - აცხადებს დიღმელაშვილი.

მისივე თქმით, 20 ივნისს ქართველმა ხალხმა, მართლაც, გამოხატა საკუთარი მყარი არჩევანი.

„როდესაც გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმაღა იყო დარჩენილი, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 22 ივნისის ანგარიშის ჩაბარება პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო მიზანმიმართული დივერსია საქართველოში, რომ ვერ მოეხერხებინა ევროპის კარის შეღება. თუმცაღა, ევროპელი პარტნიორები გაგებით ეკიდებიან ჩვენს პატარა წაბორძიკებას ჩვენს ევროპულ გზაზე, რაც მხოლოდ ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, - ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აქცია „შინ ევროპისკენ“ 20 ივნისს გაიმართა. გუშინ, 23 ივნისს ცნობილი გახდა ევროსაბჭოს გადაწყვეტილება - უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო აღნიშნულ სტატუსს მხოლოდ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ მიიღებს.
| Print |
FaceBook Twitter Google