ევროსაბჭო საქართველოს კანდიდატის სტატუსს ამ ეტაპზე არ ანიჭებს
23 ივნისს ევროსაბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიიღო.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა, ხოლო საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა და შესაბამისი პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ევროსაბჭომ გადაწყვიტა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს მას შემდეგ, რაც ის ევროკომისიის პირობებს შეასრულებს.

ევროსაბჭოს გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერზე წერს და მოლდოვასა და უკრაინას სტატუსის მიღებას ულოცავს, ამასთან ის ასევე წერს, რომ საქართველოს მომავალიც ევროკავშირშია.

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია,“- წერს მიშელი ტვიტერზე.
| Print |
FaceBook Twitter Google