ეს არ არის ავანსი - კასიანოვი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
დღეს, 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი არა ავანსი, არამედ თავისუფლებისთვის უკრაინის მრავალწლიანი ბრძოლის შედეგია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას „ავანსად“ აფასებდა, რადგან, მისი თქმით, ეს ორი ქვეყანა ყველაზე მეტადაა დაზარალებული რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო.

ზუსტად პრემიერის ამ განცხადებას ეხმაურება ანდრეი კასიანოვი.

"ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილების მისაღებად უკრაინა 30 წლის განმავლობაში ისწრაფოდა მიზნისკენ, ამისთვის უკრაინა გამოვიდა ევრომაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე. 120 დღეზე მეტია უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. უკრაინელები სიცოცხლეს სწირავენ ევროპისა და დემოკრატიისთვის. სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის.

ევროკავშირი იცვლება, ის ხდება უფრო ძლიერი საკუთარი თავის და საკუთარი ღირებულებების დასაცავად, ნაკლებად დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. უკრაინა თავის წვლილს შეიტანს ევროპის გაძლიერებაში. უკრაინაში მიმდინარე ომმა შეცვალა ადამიანების დამოკიდებულება, ევროპა და მსოფლიო" – აცხადებს ანდრეი კასიანოვი.

მისივე თქმით, უკრაინა იმედს გამოთქვამს, რომ ისევე სწრაფად გახდება ევროკავშირის წევრი, როგორც ეს კანდიდატის სტატუსის მიღების დროს იყო. კასიანოვი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მიმდინარე ომის მიუხედავად, უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტები ახერხებენ მდგრადობის შენარჩუნებასა და რეფორმების გატარებას.

"სრულად გვესმის, რომ იმ პირობების შესრულება, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, სჭირდება არა ევროკავშირს, არამედ ჩვენს ხალხს. უკრაინას უკვე შეაქვს თავისი წვლილი ევროპული ოჯახის გაძლიერებაში. უკრაინა აძლიერებს მის უსაფრთხოებას. უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შთააგონებს უკრაინელ ხალხს რუს აგრესორთან ბრძოლის ფონზე" - ამბობს კასიანოვი.
| Print |
FaceBook Twitter Google